Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მუცლის პლასტიკა - აბდომინოპლასტიკა

განმარტება


აბდომინოპლასტიკა არის ოპერაცია, რომლის მიზანია, მუცლის არეში ზედმეტი კანისა და ცხიმოვანი ქსოვილის მოშორება, მუცლის კუნთთა დარღვეული მთლიანობის აღდგენასთან ერთად. 

შედეგი

ოპერაცია ნაჩვენებია მათთვის, ვისაც აღენიშნება მუცლის კანის დაკიდება, ე.წ წინსაფარი, რაც ხშირად მშობიარობის შემდგომ, წონის მატებისას, ან წონის მკვეთრი დაკლებისას ვითარდება. ამავე დროს ქალბატონებში აღინიშნება მუცლის კუნთოვანი სისტემის მთლიანობის დარღვევა(მუცლის სწორ კუნთთა დიასტაზი), რაც გამოიხატება მუცლის გამობერვაში, წელის ტკივილსა და წოლისას წამოწევის გაძნელებაში. დიდი წინსაფრის არსებობის შემთხვევაში ხშირია კანის გაღიზიანება, ოფლიანობა, ინფიცირება. ეს ყველაფერი ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში უქმნის პრობლემებს, სწორედ ამიტომ, აბდომინოპლასტიკა არა იმდენად კოსმეტიკური შედეგისთვისაა გათვლილი, რამდენადაც ორგანიზმის მდგომარეობის გამოსასწორებლად.

ოპერაცია

აბდომინოპლასტიკა შესაძლოა იყოს სრული და მინი. სრული აბდომინოპლასტიკის შემთვევაში განაკვეთი გაივლის “ბიკინის” ზოლზე, ამიტომ ვიღებთ კარგ კოსმეტიკურ ეფექტს, ნაზი ნაწიბურის დამალვა კი თეთრეულით ან საცურაო კოსტიუმითაც არის შესაძლებელი. ამ ოპერაციის შემთხევაში მთლიანად ხდება ჭიპიდან ბოქვენამდე კანის მოცილება. შესაბამისად, ამ უნანში არსებული სტრიებიც სცილდება. ხდება ჭიპის შენარჩუნება, ის უბრალოდ კანზე ახალ ადგილად გამოდის. ამ ოპერაციის წარმოება არა არის მიზანშეწონილი მოსალოდნელი ორსულობის შემთხვევაში. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია მინი აბდომინოპლასტიკა, რომლის დროსაც განაკვეთი შედარებით მცირე ზომისაა, არ ხდება ჭიპის გადანაცვლება, და ჭიპის ზემოთ კუნთების გაკერვა, რაც შემდგომში ხელს შეუშლის ორსულობის  დროს მუცლის ზრდას. მინი აბდომინოპლასტიკა მიზანშეწონილია აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ არ აღინიშნება კუნთების გათიშვა და კანი მხოლოდ ჭიპის ქვემოთა არის გაწელილი. 

აბდომინოპლასტიკასთან ერთად შესაძლებელია სხვადასხვა ოპერაციების წარმოება, როგორიცაა ლიპოსაქცია, ძირითადად მუცლისა და თეძოების არეში, რაც მეტად გამოკვეთს წელისა და მუცლის კონტურს. ასევე, სხვადასხვა თიაქარპლასტიკა, რომელიც ხშირად თან ახლავს მუცლის პრობლემებს.

ხანგრძლივობა


ოპერაციის ხანგრძლივობა არჩეული მეთოდიდან გამომდინარე 2-5 საათია. 

გვერდითი მოვლენები

აბდომინოპლასტიკის შემდგომ ჭრილობაში რჩება დრენაჟები, რომელთა ამოღება ხდება 2-5 დღის შემდეგ. ოპერაციის შემდგომ პერიოდში მუცლის არეში აღინიშნება კანის მგრძნობელობის მოშლა, შეშუპება, რომლებიც თანდათან გაივლის. 

პაციენტის სტატუსი


პაციენტი ეწერება ესთეტიკური მედიცინის ცენტრი "მედი"–დან 2-5 დღის შემდგომ. სამსახურში დაბრუნება შესაძლებელია 1-2 კვირის შემდეგ. ნაკერები იხსნება 10-14 დღის შემდეგ. 1 თვის განმავლობაში აუცილებელია სპეციალური ბანდაჟის ტარება. ავტომობილის ტარება 2-4 კვირის  განმავლობაში რეკომენდებული არა არის, 2-3 თვე კი შეზღუდულია მძიმე ფიზიკური დატვიტთვა.

ანესთეზია

ოპერაცია ტარდება ზოგადი ანესთეზიის პირობებში. მინი აბდომინოპლასტიკის შემთხვევაში შესაძლებელია ადგილობრივი ან რეგიონული ანესთეზიის გამოყენება.

 



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player